გეოგრაფიული მდებარეობა
28 აპრილი, 2026 2026-05-11 2:03გეოგრაფიული მდებარეობა
გეოგრაფიული მდებარეობა
მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები. ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან – ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან – ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთით კი საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვარია.
ფართობი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ფართობი ქვეყნის მთლიანი ფართობის (69 700 კვ. კმ) 1,4%-ს, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 15,7%-ს შედაგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1010,3 კვ.კმ-ია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 51 728 ჰა. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ფოცხოვი და მისი შენაკადები – ქვაბლიანი და ურაველი. პატარა მდინარეებია: წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე იკლებს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები, აგრეთვე ფერსის და ტატანისის მინერალური სასმელი წყლები.
წიაღისეული
ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა საბადოებით. სოფელ მუსხის მიდამოებში არის დიატომიტის საბადო, სოფელ ბოგასა და გიორგიწმინდაში – აქატის საბადოები, ხოლო ვალესა და ნაოხრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ახალციხის მურა ნახშირის საბადო. ნასოფლარ ოდუნდას (ანდრიაწმინდის თემი) ტერიტორიაზე არის ტუფის ქვის კარიერი, მოიპოვება ბუნებრივი სამშენებლო მასალა.
ეკონომიკა
ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, სადაც ძირითადად განვითარებულია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეკარტოფილეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურებიც. მუნიციპალიტეტში მოქმედებს რძის და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები, მეფრინველეობის ფაბრიკა, საკალმახე მეურნეობები, ასევე აქტიურად ხდება ინერტული მასალების მოპოვება და გადამუშავება.