ხელოვნება და კულტურა

ხელოვნება და კულტურა

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრი

მისამართი: ქალაქი ახალციხე, კოსტავას ქუჩა 18

თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრი მნიშვნელოვანი კულტურული კერაა ქალაქ ახალციხეში. წლების განმავლობაში თეატრმა დიდი წვლილი  შეიტანა საქართველოში თოჯინური ხელოვნების განვითარებაში.

იგი 1981 წელს დაარსდა ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის ბაზაზე,   კულტურის სახლის დირექტორის რუსუდან სისაურის ინიციატივით. დაარსების შემდეგ, თეატრში   ჩამოაყალიბდა თოჯინური ხელოვნების  წრე, რომელშიც  კულტურის სახლის მსახიობები – რუსუდან სისაური, ნუნუ ნაროზაული, თამაზი კუჭაძე და  ლიანა ბედნარსკი – გელაშვილი მონაწილეობდნენ. თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი იყო „ტრაბახა კატა“, რომელიც მაყურებელმა დიდი სიყვარულით და მოწონებით მიიღო. პირველმა შთაბეჭდილებამ კი დიდი გავლენა მოახდინა თეატრის შემდგომ საქმიანობაზე.

თეატრი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და პატარა მაყურებლებს ყოველწლიურად რამდენიმე სპექტაკლ-პრემიერას სთავაზობს. წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად მან მნიშვნელოვანი ადგილი და დიდი სიყვარული დაიმკვიდრა  მოსახლეობაში.

 
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი

მისამართი: ქ. ახალციხე, თამარ მეფის 6

ქალაქ ახალციხეში  1967 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

თეატრის ისტორია 1874  წლიდან იწყება. იგი ყოველთვის  მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.  აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა თუ კულტურულ ღონისძიებებში, ხელს უწყობს თეატრალური ხელოვნების განვითარებას რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში.

თეატრი ყველა სეზონზე  6-7 საპრემიერო სპექტაკლს ამზადებს. მის რეპერტუარშია, როგორც მსოფლიო და ქართული კლასიკური, ისე თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებები.

მესხეთის თეატრს მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან უმაღლესი ჯილდოები აქვს მიღებული. იგი, არსებობის მანძილზე ხშირად მართავდა გასტროლებს, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რასაც დიდი აღიარება და პოპულარობა მოსდევდა.